„მელიას გირაოს საკითხი დაცვისა და ბრალდების მოლაპარაკებით უნდა გადაჭრილიყო“ – პროკურორის განმარტება

​ნიკანორ მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, თუ დაცვის მხარე თანხმობას განაცხადებდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იშუამდგომლებდა ბრალდება სასამართლოსთან, აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, გირაოთი შეცვლილიყო.  

„25 თებერვალს, ისევე როგორც 8 აპრილს, გავაკეთეთ შეთავაზება დაცვის მხარესთან, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანხმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი. ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და გარკვეული სახით. ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. არანაირი მომართვა ან კომუნიკაცია დაცვის მხარის ადვოკატებს არ ჰქონიათ“ – განაცხადა ნიკანორ მელიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ მიაჩნიათ, ნიკა მელია უმდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ბრალდების მხარის 25 თებერვლის შეთავაზება გულისხმობდა შემდეგს – თუ დაცვის მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ეს მათი მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, როგორც ახალი გარემოება აღიქმებოდა, ამ ახალი გარემოების საფუძველზე ჩვენ მივმართავდით შუამდგომლობით და მოვითხოვდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“ – განუმარტა პროკურორმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარენიკანორ მელია სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები