“ლორა სმიტი გაუპატიურებული არ არის” – სმიტების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

​ხადის ხეობაში მოკლული, ლორა სმიტის გვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ის გაუპატიურებული არ არის და მოკლულია წყალში დახრჩობის შედეგად. მას უკანა ტანში არ აღენიშნება  მექანიკური დაზიანებებები, რაც თან ახლავს სექსუალურ ძალადობას.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალზახ კობაურის ადვოკატებმა განაცხადეს, დაცვის მხარეს უკვე ხელთ აქვს ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდება  სწორედ მალხაზ კობაურის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებაზე, ხოლო შემდგომ მოკვლაზეა აგებული.  ბრალდების მხარის ამ ვერსიის მიუხედავად ლორა სმიტის მკვლელობის ნაწილში მალხაზ კობაურს ბრალდება წარდგენილი არ აქვს.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის აზრით, პროკურატურა ამგვარად, საზოგადოებაში კობაურის ერთგვარ დისკრედიტაციას ცდილობს.

” პრობლემა არის კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც. ექსპერტიზა ვერ დაადგენს გაუპატიურების ფაქტს. ექსპერტიზამ შესაძლოა დაადგინოს ფიზიკური დაზიანების ფაქტი. ბრალდების მხრის მიერ კითხვა ამგვარად იყო დასმული, – აღენიშნება თუ არა ლორა სმიტს გაუპატიურებისა და ძალადობის კვალი, რაზედაც იყო პასუხი, – რომ ეს არ შედის ექსპერტიზის კომპეტენციაში და ეს არის სასამართლო განსჯადობის საკითხი. თუმცა, ექპსერტიზამ გასცა მნიშვნელოვანი პასუხი, რომ არანაირი სახის მექანიკური დაზიანება ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანში, რაც თეორიულად გამორიცხავს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი აქტის დამყარების შესაძლებლობას”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, მსხვერპლის გაუპატიურების მიმართულებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა და არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ როდესაც ამ სახით ხდება სქესობრივი აქტის დამყარება, საქმეთა 95-97% -ში ვლინდება დაზიანებების კვალი უკანა ტანში, რაც გამოიხატება ნასკდომებისა და სისხლჩაქცევების გზით.

ადვოკატის თქმით, ლორა სმიტის შემთხვევაში, გაუკუღმართებული სქესობრივი აქტის თუნდაც თეორიული შესაძლებლობაც კი რომ დაიშვას, მინიმალური პროცენტი არსებობს, რომ ძალადობის დროს მას არ მიეღო დაზიანებები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რა ვითარებშიც არის მოკლული ლორა სმიტი, ამის თეორიული ვარაუდიც კი გამოირიცხულია.

“ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლორა სმიტის უკანა ტანის მიდამოში აღმოჩენილია მორუხი ელ-ფერის ციანოზური კვანძი. ეს კვანძი, ზემოქმედების შედეგად უფრო აქტიურდება და დაზიანების რისკი  მაღალია, ხოლო სქსესობრივი აქტის შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია, რომ კვანძი არ დაზიანებულიყო. ​ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავიარეთ სფეროს სპეციალისტებთან. პირდაპირ წერია, რომ ​​გარდაცვალების მიზეზი, არის წყალში დახრჩობის შედეგად მიღებული ასფიქსია. მას სხეულზე ასევე აღენიშნება მსუბუქი  დაზიანებები, რომელიც მიზეზობრივ კავშირში არ არის სიკვდილის დადგომასთან”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტის უკანა ტანზე ნაპოვნია სპერმა, რომელიც მალხაზ კობაურს ეკუთვნის. მკვლელობის საქმეს მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.

მსგავსი თემები