„ინფიცირებულები კლინიკაში მაშინ მიდიან, როცა მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კლინიკაში დაგვიანებული მისვლაა. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს ინფიცირებულები კლინიკაში მაშინ მიდიან, როცა მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

„ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.

თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად)”, – აცხადებს ცერცვაძე.

როგორც მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

„ოჯახის ან სასწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება. იშვიათად ოჯახის ან სასწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.

მივმართავთ COVID კლინიკებს განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვა”, – აცხადებს ცერცვაძე.

მსგავსი თემები