ფოთის სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

„კოვიდ 19“-ს შემთხვევების მატების გამო,  ფოთში შვიდი სკოლა  ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ერთი სკოლა კი მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა გააკეთა.

„მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი კლასის ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, დისტანციურზე მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ და პლუს, სადაც ასწავლიდა ხელმძღვანელი. საუბარია მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით, სულ შვიდ სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ვირუსი დაუფიქსირდა ერთ პედაგოგს, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ზოგადად, სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, გადავხედავთ ხვალ, დინამიკაში რა სურათი გვექნება და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

მსგავსი თემები