მალხაზ კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა​ შესაძლოა შეწყდეს

  •  

​ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის მიმართ შესაძლოა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. 26 ოქტომბრისთვის ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატები დააყენებენ აღნიშნულ შუამდგომლობას. კერძოდ, იმის გამო, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 19 წლის მწყემსის მიერ დანაშაულის ჩადენა, მოსამართლემ შეწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, ბოლო ხანებში ჩატარებული ყველა ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს მათ პოზიციას, რომ კობაურს შემზარავი მკვლელობა არ ჩაუდენია. ​თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჩატარდება კომპლექსური ექსპერტიზა და გამოქვეყნდება პასუხები. კერძოდ, ჰქონდა თუ არა კობაურს შემხებლობა გარდაცვლილებთან. ეს არის ძირითადად ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დროსაც ფრჩხილებიდან აღებული ქსოვილებიდან დგინდება დნმ და სხვა.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, შესწავლილია კობაურის პიროვნება და გამოყვანილია ფსიქოტიპი. შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული გაწონასწორებული ადამიანია და რაიმე სახის ეჭვი, რომ ის დეპრესიული, ან სტრესისკენ მიდრეკილია, არ არსებობს. გამოკვლევის დროს ის დამაჯერებელ და სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიდა ექსპერტებს.

როგორც კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები. არ ჩატარებულა ​იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა. საქმეში ფიგურირებს თოფი, თუმცა, რა თოფიდან არის გასროლა განხორციელებული ამას ვერ ადგენენ. ადგილზე ნაპოვნია სხვადასხვა სახის მასრები, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლებელია გასროლა რამდენიმე იარაღიდან განხორციელებულიყო. მკვლელობის ადგილზე ასევე ნაპოვნია სიგარეტის ნამწვავები, თუმცა დღემდე არ ჩატარებულა მათი ექსპერტიზა.

“რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ ამოღებულიყო რაიან სმიტის მობილური ტელეფონი და სამწუხაროდ, ტელეფონის გახსნა ვერ განხორციელდა მასზე დადებული შიფრების თუ პაროლების გამო. დღემდე ეს ვითარებაა. ასევე, გადმოგვეცა სმიტების სახლიდან ამოღებული კომპიუტერი, რომლის გახსნაც ვერ ხორციელდება. რაც კომპიუტერულ ექსპერტიზასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ხსნიან. ერთადერთი გახსნეს ლორა სმიტის ფოტოაპარატი და კობაურის მობილური ტელეფონი. სხვა სახის კომპიუტერული ექსპერტიზა, რაც ჩანიშნული იყო, არც ერთი არ ჩატარებულა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სთხოვს პროკურატურას შიფრებსა და პაროლებს. ესეც დამატებით ეჭვებს აჩენს. მაშინ, როდესაც გამოძიების მხარე საწყის ეტაპზევე აცხადებდა, როდესაც გაუჭირდებოდა ჩვენ საექსპერტო დაწესებულებებს ყველა ღონეს იხმარდნენ, რომ ამერიკაში ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზები. ერთ თვეში უკვე დავიწყებთ სასამართლო სხდომებს და ამ დროისთვის არანაირი კვალიფიციური ექსპერტიზა, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში ჩანიშნული არ არის”, – აცხადებს კობაურის  ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, რაც დრო გადის, აშკარა ხდება, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.

მსგავსი თემები