ვეტერანებისთვის, ფოთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, აქციის ფარგლებში, ისარგებლა 130-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 470- მდე სამედიცინო ვიზიტი. 

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია და მისი მოადგილე მამუკა პაპასკირი.

“დღეს ფოთში იმართება სამედიცინო აქცია კლინიკა “ვივამედის”, სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი მეგობრების მიერ, რომელიც ითვალისწინებს ფოთში მაცხოვრებელი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო უზრუნველყოფას. პირველადი სამედიცინო შემოწმებაა ეს, რომ პრევენცია გაკეთდეს შემდგომი ხიფათის. ამავე დროს, ჩვენ ვისარგებლეთ და კონკრეტული, ჩვენი გეგმიდან გამომდინარე, ქალაქის ადმინისტრაციასთან, მერთან, მის მოადგილეებთან ერთად ვმართავთ შეხვედრას ვეტერანებთან, რათა ერთად ვისაუბროთ იმ სოციალურ მიმართულებებზე, რომლებზეც შეიძლება, ქალაქის ადინისტრაციამ ჩვენთან ერთად, ქვეყნის მთავრობასთან ერთად გადაწყვიტოს, რითაც უფრო ეფექტურად განვახორციელებთ ვეტერანებისათვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ფოთის ადმინისტრაციის და ხელმძღვანელობის მიმართ. საკმაოდ ბევრი შედეგიანი პაკეტია, რომლებსაც ისინი სთავაზობენ ვეტერანებს და მათ შორის, უახლოეს მომავალში, ფოთის მერის, საკრებულოს მიერ ინიცირებულია, რომ ფოთში მაცხოვრებელი ვეტერანები უფასოდ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მადლიერები ვართ. სიკეთით ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა კობა კობალაძემ.

უწყების ინფორმაციით, უფასო სამედიცინო აქციები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიაწოდებენ.

მსგავსი თემები