სიგარეტის მოწევაზე აკრძალვები და სანქციები მსუბუქდება 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება და სიგარეტის მოწევა დასაშვები ხდება სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.

გამონაკლისის სახით, თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში აღსრულებისას გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

ზოიძემ კოლეგებს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გააცნო.  კანონპროექტის თანახმად, იხსნება შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. მაგრამ უნდა არსებობდეს მოსაწევი ადგილები, რომელთა რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

თამბაქოს მოწევა ასევე დასაშვები ხდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის მიერ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები საჯარიმო თანხის ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, 500 ლარით ჯარიმდება. პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, ეს თანხა 200 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იგი დარღვევის შემთხვევაში, 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარს გადაიხდის, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარის ნაცვლად, 400 ლარს.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებისას – 200 ლარით.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კუთხით, სხვა რაიმე გამონაკლისის დაშვება აღარ იგეგმება/

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც აცხადებს, რომ სპექტაკლში მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებები არ არის.

“თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, ასევე, უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება“, – მიაჩნია გუგული მაღრაძეს.

მსგავსი თემები