„9 აპრილის“ მემორიალი ტრადიციულად, ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი შეფასებით, ჩვენი ისტორიის ორი „9 აპრილი“ – ორი უდიდებულესი თარიღია. იგი ორ უდიდეს მოვლენას – 32 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრანტების არნახული ძალადობით დარბევას და ქართველი ახალგაზრდობის მსხვერპლს უკვდავყოფს, რომელმაც, დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევა. და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, სწორედ ეს თარიღი გახდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის გამოცხადების საფუძველი.
ჯემალ გამახარიას განცხადებით:
„განვლილი ათასწლეულების მანძილზე საქართველოს ისტორია იყო და არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების, მერე მისი დაკარგვისა და კვლავ აღდგენის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, ისევ გაერთიანების განუწყვეტელი პროცესი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დასრულებული არ არის და დღესაც, ჩვენს თვალწინ, ჩვენივე აქტიური მონაწილეობით გრძელდება – გრძელდება, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომაც არის ქართველებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე; ამიტომაც არის ესოდენ წმინდა 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილი; კიდევ გაივლის შემდეგი ათწლეულები, გაივლის ასწლეულები და ათასწლეულები – ჟამთა ეს უსასრულო სვლა ვერა თუ ვერ დაჩრდილავს, პირიქით, სულ უფრო და უფრო გამოკვეთავს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას და მის შემოქმედთ!“