საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ორივე მხარე თანაბრად დამნაშავეა და აქ გამარჯვებული არ არსებობს.
„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება. ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან – იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები. თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს. ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს“ – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტი ტრიბუნიდან, სადაც ის ყოველწლიური მოხსენების ფორმატში მივიდა.
სალომე ზურაბიშვილი ორივე მხარეს მოუწოდებს, მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.
„დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა – შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.