„ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, არც ერთს ეყო გამბედაობა და ვაჟკაცობა“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩვენი პარტნიორები უკეთ ხვდებიან კრიზისის დაძლევის საჭიროებას, ვიდრე პოლიტიკოსები.

„უცხოელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ჩვენზე უკეთ ხვდებიან, რამდენად საჭირო და გარდაუვალია ამ კრიზის დაძლევა. მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს – 9 აპრილს – შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა.

„ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, არ უნდა გაუშვას ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც აქვს. „ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს.

ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო,  როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები