კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ რამდენიმე კითხვას, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს შეეხება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს.
„ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.