ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის ფონზე ეპიდემიური თვალსაზრისით სიტუაციის გარკვეულწილად გაუარესება მოსალოდნელი იყო, თუმცა განსაკუთრებულ რისკებს ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის:
“ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება ეპიდემიური თვალსაზრისით. შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. ამის გამო კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიმზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, 15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობა იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.