ევროკავშირი იმედგაცრუებულია პარლამენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე ცვლილებების შემუშავების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ საკითხის მოწესრიგება დაკავშირებულია მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფასთან.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკა და პოზიცია არაერთხელ გამოხატა.
„ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და ახალი წესების გამო. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მანამდე ნაჩქარევად უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის ან მისი საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.
ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული ახალი წესები ყველა განმცხადებელზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.