თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, რეგიონებში სიტუაცია გაცილებით რთულია. შესაბამისად, მთავარი ინფექციონისტი რეგიონების კუთხით, კონტროლისა და რეგულაციების გამკაცრების მომხრეა.
„ქართველი კაცი ვერასდროს ამბობდა უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის სამეგობროს შეკრებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, მაგრამ მათი რაოდენობა იყო მინიმალური. თუ ერთი-ორი შეკრება იქნებოდა, ის ცნობილი ყველასთვის ხდებოდა. ახლა სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში.
თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მთავარი ინფექციონისტის თქმით, საჭიროა ორთვიანი მოთმინება, რომ ისევ მძიმე შედეგები არ მივიღოთ.
„მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის პიკს გავუძელით, რამაც მოსახლეობის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გამოკითხვით ათქმევინა, რომ ხელისუფლება კარგად მართავს პანდემიას. ეს ადვილი სათქმელი არ იყო, იმ მოსახლეობისგან, რომელიც უამრავ შეჭირვებულ მდგომარეობას განიცდის, სადაც ბიზნესი ღია ჯერ კიდევ არ არის, სადაც მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. ეს არის ხალხის პასუხი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილზე, რომელთაც არ უნდათ პირბადის ტარება, არ სწამთ ვაქცინაციის და არ უნდათ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმა“, – განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.