ცხოველების წამებისთვის საპატიმრო სანქციები ამოქმედდება 

  •  

​შინაური ცხოველის წამების გამო პირს შესაძლოა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის მშობელი 100-დან 300 ლარამდე თანხით დაჯარიმდეს.

კანონპროექტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა, დედაქალაქის მერიისა და შსს-ს მხარდაჭერით მოამზადა. პროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიება უმეტესად ვერ ხერხდება, რადგან საზოგადოება ხელს აფარებს ასეთ დამნაშავეებს, იმ ლოგიკით, რომ – “ცხოველია და რა მოხდა”.

“ადამიანი, რომელიც სისასტიკეს ჩადის ცხოველი მიმართ, ის ფაქტობრივად პოტენციური მოძალადეა, ეს უნდა გავაცნობიეროთ. მშობლებმა უნდა იზრუნონ ადრეული ასაკიდან ასწავლონ შვილებს ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობა. ხშირად თავად უფროსები ავლენენ ცხოველების მიმართ აგრესიას. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ცხოველისგან შეწუხებული ადამიანი, ან რომლის შვილსაც უკბინა ძაღლმა, ან გარკვეული ფსიქიკური დარღვევა აქვს ადამიანში, მათ შორის, სადიზმი, როდესაც უჩნდება სურვილი აწამოს ცხოველი და სხვა”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე ინფორმაციით, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ცხოველის მიმართ სისასტიკის გამოვლენის პირველივე ჯერზე კანონი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში კანონმდებლობა დღეს არ არის ასეთი სტანდარტის.

“სისხლის სამართლის კოდექსის N 259 მუხლი ფაქტობრივად არის მკვდარი მუხლი, მხოლოდ დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ემუქრება მოძალადეს პატიმრობა 2 წლამდე. მაგრამ ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი გულისხმობს ცხოველის მიმართ სისასტიკის პირველ ფაქტზე 1 წლამდე პატიმრობას, ან 6 თვიდან ერთ წლამდე შინა პატიმრობას. ასევე უნდა გადაკეთდეს მუხლის ფორმულირება და “ცხოველის მიმართ სისატიკის გამოვლენა” შეიცვალოს “არასათანადო მოპყრობით”, ხოლო N172 მუხლის მიხედვით დაწესებული 40 ლარიანი ჯარიმა, რომელიც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობას, 100-დან 300 ლარამდე გაიზარდოს”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე თქმით, როდესაც ცხოველი აგრესიულია, ის გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში და კინოლოგთან ერთად მიმდინარეობს დაკვირვება. თუ ცხოველს აქვს შიშით გამოწვეული აგრესია, რამდენიმე საათიანი თერაპიით ეს ინკურნება, ხოლო ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში ცხოველი ექვემდებარება ევთანაზიას.

​ცხოველთა
 ხროვას რაც შეეხება, ვახტანგ ლომჯარიას განმარტებით, ეს ასევე საშიშია, თუმცა კასტრაციისა და სტერილიზაციის შემდეგ ცხოველები ნაკლებად ყალიბდებიან ხროვად. გამრავლების პერიოდში ერთად აღარ დადიან. ამდენად, ერთი და იგივე ცხოველი, ცალკე შეიძლება სრულიად უსაფრთხო იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ ხროვაში აგრესიული გახდეს.

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ამჟამად 260-მდე ცხოველია, მათ რაოდენობა პერიოდულად 200-დან 350-მდე მერყეობს.

მსგავსი თემები