ჟურნალისტები და დემონსტრანტები საქართველოს წინააღმდეგ – საია სტრასბურგში 2 სარჩელს აგზავნის. საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე.
“საიას მიერ წარგენილი ორი საჩივარი შეეხება სახელმწიფოს მიერ აქციების მართვასთან დაკავშირებით სისტემურ პრობლემებს, რომელიც ამ საქმეში ნათლად წარმოჩნდა და სახელმწიფოს დღემდე არ აქვს ეფექტიანი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართვის პოლიტიკა დემონსტრაციებთან დაკავშირებით,”-აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი თამარ ონიანი.
“ჟურნალისტებთან მიმართებით გარდა არასათანადო მოპყრობისა, ვითხოვთ გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას, რაც ცალკე გამოძიების საგანია. პროკურატურას გამოძიება უნდა მიჰყავდეს ამ მუხლით, თუმცა ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა თავს იკავებს ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარებისგან,”- აღნიშნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა გიორგი ტაბატაძემ.
“ვფიქრობთ, რომ გამოძიება ჩვენს შიდა ინსტანციებში არის არაეფექტური. დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, ჩვენც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რაიმე ქმედითი გავლენა მოვახდინოთ გამოძიებასთან. არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, ამ ადამიანების სახელით მივმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
საიას სარჩელს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
“მე არ ვფიქრობ, რომ სადმე ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რაც მეტი მექანიზმი იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული საიმისოდ თუკი სადმე რამე კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს, რომ დარღვევას ადგილი ჰქონდა, პირადად მე, ჩვენი კომიტეტი და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ნებისმიერი პირი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება. გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ვისმენდით გადაჭარბებულ, გაბუქებულ მოსაზრებებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტი იყოს ფაქტები, რაც დადგინდება და ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს შემდეგ უკვე კონკრეტული შეფასებები,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.