დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღას აანონსებს და განგაშის ზარის ატეხვის საჭიროებას ხედავს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე იმყოფება.
„ვართ სწორედ „მესამე ტალღის“ დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელითაც ინტენსიურ მეორე ტალღაში შევედით. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა პირველი და მეორე ტალღის, ძალიან არ გვინდა არავის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის – პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით: „არა დიდ ქორწილებს; არა დიდ ჭირის სუფრებს; არა დიდ შეკრებებს; მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა“ – სხვა შემთხვევაში „მესამე ტალღას“ ვერ ავცდებით.