პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ნახევარფინალი სამ ქალაქში ერთდროულად გაიმართება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ნახევარფინალური თამაში 26 აპრილს გაიმართება.

როგორც “მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 374 სკოლის გუნდი, თითოეული 6 მოსწავლის შემადგენლობით.

ღონისძიება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?”.

მათივე ინფორმაციით, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს  ჩაეყარა და მისი მიზანია პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის  ისტორიით  მოსწავლეთა დაინტერესება.

პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი ფინალში გადავა.
ფინალური თამაში 21 მაისს, თბილისში გაიმართება, პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

მსგავსი თემები