„თუ ამ ტემპით წავედით, ისევ მივიღებთ გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას და გადატვირთულ სტაციონარებს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ვაქცინაცია არსებული ტემპებით გაგრძელდა, იმუნიზაციის გეგმა ვერ შესრულდება და პანდემიას 3 წელი ვერ დავამარცხებთ.
„იმისთვის, რომ გეგმა შესრულდეს და საქართველომ გააკეთოს განაცხადი პანდემიის დამარცხებაზე, დღეში გვჭირდება 5-6 000-მდე ადამიანის ვაქცინაცია. დღეს ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საჭიროა. თუ ასე გაგრძელდა და არ მოხდება ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა, ვერ შევასრულებთ იმუნიზაციის გეგას და ისევ გვექნება გარდაცვლილების დიდი რაოდენობა და გადატვირთული სტაციონარები. ისევ გვექნება 2022 წელი კორონავირუსის პანდემიის ქვეშ. იმისათვის, რომ გეგმა შესრულდეს, საჭიროა მოსახლეობის და სამედიცინო საზოგადოების დარწმუნება, რომ პანდემიის დამარცხების სხვა გზა არა არსებობს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც პროფესორმა განმარტა, ვაქცინაციის კუთხით, არც სამედიცინო დარგის წარმომადგენლები გამოირჩევიან აქტიურობით.
„ან ვაგრძელებთ გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს, ან ვზრდით იმუნიზაციის რაოდენობას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.