„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა გადაიდო – სამინისტროს განცხადება

„კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და მიზეზებიც განმარტა.

„მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის” უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს”,- განაცხადა მინისტრმა.

თურნავას განმარტებით, დიალოგი ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნილია.

„მზად ვართ ვისაუბროთ – რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის” კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, – განმარტავს მინისტრი.

მსგავსი თემები