გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის უფრო მეტად გაფართოება.

ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.

„უკვე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრების წინ ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება“, – აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში მითითებულ პორტალზე.

შეგახსენებთ, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა.

მსგავსი თემები