„ვინც რესტორნები გახსნა, ისევ დაკეტვაზე ფიქრობს“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ბიზნესი ხელისუფლებიდან ორი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება – შაბათ-კვირის რეგულაციების მოხსნა და ე.წ. კომენდანტის საათის 2 საათით გახანგრძლივება. აღნიშნულ საკითხზე მედიაცენტრ მთავართან „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა და არც ის უარყო რომ სექტორი ისევ ჩაკეტვის მოლოდინშია.    

„სფეროს დახურვით, შესაძლებლობას არ ვაძლევთ ეკონომიკას, ამუშავდეს. ვინც გახსნა ობიექტი ისევ დახურვაზე ფიქრობს, რადგანაც განვითარებას ვერ ხედავს, პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე, საზოგადოება და ბიზნესი, ქაოტურ რეჟიმში, თავად ახერხებს გადაადგილებას, რომელიც ურთულესია. ვითხოვთ მხოლოდ ერთს – არ შეუშალონ ბიზნესის განვითარებას ხელი. როცა ამირან გამყრელიძე აცხადებს, კლუბების ვიდეოებს მაჩვენებენ როგორ არღვევენ კანონებს, ის ამას კი არ უნდა ამბობდეს, იმას უნდა აფიშირებდეს, ამ ვიდეო ნახვის შემდეგ, რა გააკეთა სახელმწიფომ და ყველამ უნდა ნახოს რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება“ – განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ამ ვითარებაში ლოგიკა არ არსებობს. ქვეყანა ვერ გადარჩება და რას ემსახურებიან, საერთოდ გაუგებარია.  

„ჩაკეტვის მოლოდინი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება როცა ვერ კონტროლდება, მარტივი და იოლო გამოსავალი ჩაკეტვა ჰგონიათ. დღეს ჩვენი მოთხოვნებია: შაბათ კვირა იყოს გახსნილი და კომენდანტის საათმა მინიმუმ 2 საათით გადაიწიოს“ – აღნიშნა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავართან.       

მსგავსი თემები