“ჩვენი ვაქცინის გვერდითი რეაქციები 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლები სიხშირით გამოვლინდა” – „ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში, – ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca-ს) საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში აცხადებს.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა კომპანიის არგუმენტებით ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კომპანიის პრეპარატით აცრის შემდეგ განვითარებული გართულებების შედეგად, 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. კომპანიის წარმომადგენლობაში უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოების თემას, წერილში ნათქვამია:

„დღეისთვის „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერისიტეტის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ავტორიზაცია მიიღო დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან. მათ დაასკვნეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. პაციენტის უსაფრთხოება „ასტრაზენეკას“ მთავარ პრიორიტეტად რჩება და კომპანიას აქვს ეფექტური და მოქნილი პროცესები გვერდითი მოვლენების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში უზიარებენ მარეგულირებელ ორგანოებს მთელ მსოფლიოში.

ახლა ათობით მილიონმა ადამიანმა მიიღო ჩვენი ვაქცინა მთელს მსოფლიოში. „ასტრაზენეკას“​ მიერ ორგანიზებულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეების რაოდენობა გახლდათ 60 000. ამჯერად აქცენტირებულ თრომბოზულ მოვლენებზე: აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს მათი გამოვლენა ვაქცინირებულ ჯგუფში უფრო დაბალი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. რაც შეეხება ისეთ გვერდით რეაქციებს როგორიცაა: თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ნანემსარის შეშუპება, სიწითლე, ტკივილი – ეს მიეკუთვნება ვაქცინაციისათვის დამახასიათებელ მოვლენებს, საშუალო სიმძიმისაა და შექცევადია რამდენიმე დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ). ორი დიდი კლინიკური კვლევის და რეალურ მტკიცებულებათა (RWE) მონაცემები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს.

„ასტრაზენეკა“ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებთან „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობა 2009 წელს დაფუძნდა. „ასტრაზენეკა“ სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიმართულებით რამდენიმე სოციალური პროექტის ავტორიცაა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მაღალეფექტური, ინოვაციური მეთოდებით მკურნალობას ისახავს მიზნად. რაც შეეხება ვაქცინებს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გარდა, კომპანიას აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამოყენება დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში.

მსგავსი თემები