“მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე” – ლადო პაპავა კანაფის კულტივაციაზე

თსუ-ს ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა, საქართველოში საექსპორტო მარიხუანის კულტივაციის იდეას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ არ სურს კანაფის შემოსავალზე დაფუძნებული ეკონომიკა. ​მისი თქმით, ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს ცოდნას.

​როგორც ლადო პაპავამ “პალიტრა ნიუსის” ეთერში რიტორიკულად აღნიშნა, გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება და იქნებ ამ მიმართულებითაც ეფიქრა ქვეყანას შემოსავლების გაზრდაზე და გველების მოშენებაზე.

“მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა?! ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე“, – აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას არასწორი მიდგომა აქვს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მწვავედ დგას  ნარკომანიის პრობლემა და ის იწყებს ამ ნედლეულის მასობრივ წარმოებას, აქ დარღვევების შესაძლებლობაც გაიზრდება.

“მე არ მინდა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ასეთი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, – განაცხადა პაპავამ.

მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მსგავსი თემები