დაწესებულება, სადაც რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია იმყოფებოდა, დაჯარიმდა

თბილისში, სანაპიროზე მდებარე დაწესებულება „ვინოტელი,“ სადაც რუსეთიდან ჩამოსული რუსი ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, დაჯარიმდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწესებულებას 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

“ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო “რუმსიდან” აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში სტუმრებთან ერთად შემოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. პროტესტი აეროპორტიდან დაიწყო და სასტუმრომდე გაგრძელდა. სასტუმრო „რუმსი“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა კვერცხებით ააჭრელეს. ამ ყველაფრის მიზეზი კი რუსი ჟურნალისტის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

მსგავსი თემები