“ვაქცინაციის პროცესი გაცილებით გააქტიურდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მოთხოვნა მაღალია როგორც „ფაიზერზე“, ისე „ასტრაზენეკაზე“.

„გაცილებით გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი. თავიდან თუ პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში, მარტო ერთ ასაცრელ პუნქტში 150 კაცი იცრება დღეში და ასეთი პუნქტი რამდენადაც ვიცი, 40-ია ქვეყანაში. მე არ მაქვს ზუსტი რიცხვი რამდენი აიცრა დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ 14 რიცხვამდე დაჯავშნილია ყველა ადგილი არამარტო „ფაიზერზე“, არამედ „ასტრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად გათანაბრდა მოთხოვნა „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზე“, რაც ძალიან კარგია, რადგან ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე რეიტინგის ლიდერია, არაფრით არ ჯობია „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“. ეს დადასტურდა ბოლო ძალიან დიდი კვლევით, რომელიც ჩაატარეს ამერიკელებმა, სადაც „ასტრაზენეკამ“ და არა „ფაიზერმა“ უჩვენა 100%-იანი დაცვა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისათვის, სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა. კარგია, რომ მოსახლეობამ ირწმუნა „ასტრაზენეკაში“ და ვფიქრობ, ვაქცინაცია უნდა წავიდეს ჩვენთან შეუფერხებლად. დაახლოებით კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს ის ნაკადი, რომელიც დღეს არის. მაგრამ უკვე იმედი მომეცა, რომ ეს იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები