“არ მომეცა შესაძლებლობა ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი ვინც ხელს ვაწერდი” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩის” ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ის მზად იყო გუშინ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე ამის საშუალება არ მიეცა.

“მე არ მომეცა შესაძლებლობა რომ ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც ხელს ვაწერდი, უბრალოდ, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ. მარტო ჩემთვის იყო ეგ დოკუმენტი მომზადებული. ახლა ყველაფერი გავიგე, მშვენიერი დოკუმენტი იყო, მართლა ნამუშევარი აქვს ევროკავშირს და ბატონ დანიელსონს. თითოეული საკითხი მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე  მოდერეატორების მიერ ერთის მხრივ შემოთავაზებული იყო დაკავებული პირების გათავისუფლება, მეორეს მხრივ კი ოპოზიციას უარი უნდა ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე.

“შეხვედრა ამით დაიწყო ჩვენო, ევროპელებიო და აშშ-ის ელჩიც გვერდზე იჯდა, ამ არჩევნებს იმის და ამის მიუხედავად, ლეგიტიმურად ვცნობთო, ანუ პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანიო.

აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია, რომელიც კომპრომისული იყო ორივე მხარისთვის და არც ერთი გამოვიდოდა გამარჯვებული, უარყოფილი იყო ორივე მხარის მიერ. შთაბეჭდილება რაც დამრჩა, “ქართული ოცნება” იყო ბევრად უფრო მართალი იმის გამო რომ ის ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რაღაც საკითხები ბოლომდე არ იყო მისაღები, არც ერთი საკითხი არ იყო უარის თქმისთვის საკმარისი, ანუ ის, რეალურად აწერდა ხელს,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები