“ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია:

“31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა.

ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია. სწორედ ზვიად გამსახურდია იყო ამ ისტორიული დღის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი.

ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები