ირაკლი ოქრუაშვილი, ხაზარაძე-ჯაფარიძის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას და ავთანდილ წერეთლის საქმეები – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება, საქართველოზეცაა საუბარი.

კერძოდ, ანგარიშში მოხვდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და “TV პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის, “მთავარი არხის” მეწერილის, გიორგი რურუას, ასევე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმეები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა.

“15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციურმა პარტიებმა მათი გათავისუფლება მოითხოვეს მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა შეწყალებებს…

ოპოზიცია აგრძელებდა ოპოზიციონერი ფიგურის გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს. ახასიათებდა მას, როგორც პოლიტპატიმარს, რომლის გათავისუფლება გათვალისწინებული იყო 8 მარტს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 30 ივლისს რურუას მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ორი ბრალდებით. 4 აგვისტოს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და განაცხადეს: ”პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე ან კრიტიკულ მედიასაშუალებებზე გავლენის მოხდენის იარაღი გახდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, მოინახულონ პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად ან პოლიტიკური მოტივის საფუძველზე დაკავებულად აცხადებენ და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს განახორციელა.

მსგავსი თემები