“რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში” – არჩილ თალაკვაძე წარუმატებელ მედიაციაზე

  •  

ევროპელმა მედიატორმა საქართველო გაწბილებულმა დატოვა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციების დასაახლოებლად და კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად დიპლომატი, სპეციალური გზავნილით ქვეყანაში მეორედ დაბრუნდა, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე მხარეებმა უარი თქვეს.

შეთანხმების მიუღწევლობას და დოკუმენტზე ხელის არმოწერას მმართველი გუნდი ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია კი მმართველი გუნდის სიჯიუტეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი.

„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას. ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკანორ მელიას გათავისუფლების საქმეზეც ისაუბრა და გაიმეორა, რომ მისი გათავოსუფლება გირაოს გადახდაზე გადის.

„ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიატორთან 6 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონმა ქვეყანა უკვე დატოვა და განაცხადა, რომ ყველაფერს მოახსენებს ევროპის საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს.

მსგავსი თემები