„ვინმე ბოგველი მზადაა, მელიას გირაო გადაიხადოს“ – ადვოკატის საგანგებო განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაში შესულია ვინმე ბესიკ ბოგველის განცხადება, რომელიც მზადაა, ნიკანორ მელიას გირაო გადაიხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

„დღეს, 29 მარტს, პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი წერილი. აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობთ. მინდა დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან”, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მისივე განმარტებით, მელიას გირაოს გადახდა რომც უნდოდეს, ის პატიმრობიდან ვერ გათავისუფლდება.  

„ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს საქმე. ბოლო 1 თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, ეს არის ტყუილი. დღეის მდგომარეობით ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც გირაო არის ანულირებული და შეუძლებელია ნებისმიერი პირის ან ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით,“ – განაცხადა კონდახაშვილმა.

მსგავსი თემები