„კლინიკიდან მეგი გარდაცვლილი გადაიყვანეს“ – ექთნის ოჯახი ითხოვს, გამოძიება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებაზეც დაიწყოს (ვიდეო)

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის მოთხოვნაა, გამოძიება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზეც დაიწყოს. საუბარია ექთნის ვაქცინაციის დროზე, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციაში არასწორადაა დაფიქსირებული.

აღნიშნულ თემაზე, ოჯახის ადვოკატებმა  – ვახტანგ ბარამაშვილმა და ნინო ამაღლობელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ როცა მეგი ახალციხის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.  

„მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის მეგიც გარდაცვალების შემდეგ. ეს არის  სამსახურეობრივი “ჩათი”, სადაც მეგის კოლეგები წერენ, რატომ გარდაიცვალა მეგი . ძალიან ბევრი მესიჯი წაშლილია და შემდეგ არის მიწერილი, „ჩვენ ხომ მაინც ვიცით რეალურად რა მოხდა“. ამ ტელეფონს გამოძიებას დღეს გადავცემთ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატმა გამოითხოვა, გამოძიება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებითაც დაინტერესდეს.

„უკვე 5 დღეა, რაც პროკურატურისგან არ მიგვიღია ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და არც არანაირი დოკუმენტი. პროკურატურის განცხადებით, ისინი დღეს გადმოგვცემენ მათ ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას. რამდენიმე დღის უკან,  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის იდენტიფიცირება მოხდა, რაც არის ვაქცინაციის ზუსტი დრო. ახალციხის კლინიკის მიერ შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30 წუთი მაშინ, როდესაც რეალურად, ვაქცინაცია 12:13 წუთზე მოხდა. ფორმა 100-ის თანახმად, 20-25 წუთში მეგის ჩივილები გამოუვლინდა და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13 სთ-სა და 10 წთ-ზე მას გაეწია რეანიმატოლოგის მიერ დახმარება. ეს ფაქტობრივი უზუსტობა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს და ასევე, ახალციხის კლინიკაში შედგენილ სამედიცინო ისტორიას. მიგვაჩნია, რო გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ“, – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, როცა მეგი კლინიკიდან გაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ექთნის გარდაცვალება ახალციხის კლინიკას არ დაბრალებოდა.

მსგავსი თემები