„თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, ავიცრები“ – მეუფე ვაქცინაციაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს და განმარტავს, რომ მას ვაქცინაცია არ სჭირდება და თუ ეს საჭიროა, ექიმებმა უნდა დაარწმუნონ.

„თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე ავიცრა“ – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა მედიას.

მეუფე ასევე დარწმუნებულია, რომ მას ეს ვაქცინა არ სჭირდება და არასდროს არანაირი ვაქცინაცია არ ჩაუტარებია.  

„მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი, შემადგენლობა, მოქმედება, რომელი ქვეყნები იყენებენ, სად, რა შედეგებია. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა“ – განაცხადა მეუფემ.

მეუფე თვლის, რომ ვაქცინაციასთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმია.

მსგავსი თემები