მერიის ინფორმაციით, მეწყრის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არსებობს

თბილისის მერიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვაშლიჯვრისა და ნიციბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული ნაპრალები, ამ ეტაპისთვის, მოსახლეობისთვის საშიში არ არის. საშიშროების შემთხვევაში კი, ადგილობროვების ევაკუაციის გეგმაც არსებობს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა.   

„წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე. ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის შეკითხვა, თუ არსებობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. რა თქმა უნდა, არსებობს, იმიტომ, რომ როდესაც კრიზისული სიტუაციის დაგეგმვა ხდება, ყოველთვის ვემზადებით გაცილებით უარესი სცენარისთვის. ეს გეგმაც და შემდგომი ღონისძიებებიც, დეტალურად გვაქვს გაწერილი. იმედი მაქვს, ამ გეგმის გამოყენება არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილე, დღეს მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე მივიდა, თუმცა, შეხვედრა ვერ შედგა, რადგანაც მათ კახა კალაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.   

მსგავსი თემები