“პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო, 6 პუნქტიანი გეგმა რჩება მოლაპარაკების საწყის წერტილად” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ მეორე ვიზიტს გამოეხმაურა. ჰარცელის განცხადებით, ევროპული მედიაციის მეორე ეტაპზე, შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ მოლაპარაკების საწყისს ეტაპად რჩება.

ჰარცელი აღნიშნავს, რომ შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკების პირველი ეტაპი მისთვის იმედგაცრუება იყო. ვროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მხარეებმა მოლაპარაკების პროცესში წინ წაიწიონ რაც პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული. 

ჰარცელი იმედოვნებს, რომ შეთანხმებისთვის ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს.

“რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა დაანონსა, რომ ელჩი დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედიაციის პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში წინ წაიწიოს. დანიელსონი აქ ჩამოდის იმისთვის რომ გაარკვიოს არის თუ არა შესაბამისი მონაცემები და შესაძლებლობები მხარეებს შორის საერთო ენის მოსაძებნად. ახლა უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა რომ დავინახოთ, თუ რა არის შესაძლებელი შეთანხმების მიღწევისთვის. ეს არ იქნება მარტივი, შედეგი იქნება პოლიტიკურ ლიდერებზე დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ იმედი ნამდვილად არსებობს თუ ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს. ბატონი მიშელის 6 პუნქტიანი გეგმა კვლავ რჩება მოლაპარაკების საწყის წერტილად,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები