აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშები უნდა წარმოადგინონ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა,  უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური,, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს, ინფომრაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ წარმოადგინა კომიტეტის ხედვა, რაც მიზნად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის დახმარებას, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის ხარისხის ამაღლებას, დევნილთათვის, განსაკუთრებით მათ კომპაქტურ განსახლებებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას ისახავს.

„კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

აღინიშნა, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს საქართველოს პარლამენტიდან გადმოგზავნილი კანონპროექტების განხილვას და მათთან დაკავშირებით წინადადებების, დასკვნების შემუშავებასა და წარდგენას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან გადმოგზავნილი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონპროექტზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, რომელიც ამ მიმართულებით აფხაზეთის სინამდვილეში მომუშავე ერთადერთ ორგანიზაცია სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორთან“ თანამშრომლობით განახორციელა. კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადებების ნაწილი აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში.

ბატონი რუდიკ ცატავა დეტალურად შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის კომიტეტის მიერ აფხაზეთის სხვადასხვა სამინისტროსთან კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობისა თუ ზედამხედველობის ფაქტებს, მომხსენებელი შეეხო ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გაწეულ მუშაობას, ვინაიდან საშუალოვადიანი გეგმა და პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებზე, განსაზღვრავს ძირითად პროგნოზებს, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება საშუალოვადიანი ფისკალური გეგმა და საბიუჯეტო კანონის ძირითადი პარამეტრები.

უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტი ყოველწლიურად რამდენიმე სპეციალურ სხდომას უთმობს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. რუდიკ ცატავამ აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრები მიესალმებიან აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფვას ოპტიმიზაციითა და რეორგანიზაციით, მოქნილი სტრუქტურების მეშვეობით საუკეთესო შედეგი დადოს, მაგრამ ვერ დაეთანხმებიან დასაქმებულთა დაუსაბუთებელ, გაუმართლებელ განთავისუფლებას, ასევე დასაქმებულების შემცირების ხარჯზე მიღებული ეკონომიის გამოყენებას შრომის ანაზღაურების მოსამატებლად; ბატონმა ცატავამ გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის პირობებში ადამიანები უმუშევრად არ დარჩებიან და მთავრობის მხარდაჭერილ პროექტებში დასაქმდებიან.

რუდიკ ცატავას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე სწავლების ხელშეწყობაცაა. ამ მიმართულებით კონკრეტულ აქტივობებზე ისაუბრა, რისი გაკეთებაც კომიტეტში აქვთ განზრახული, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პროირიტეტად მიჩნეულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, რისთვისაც შემუშავებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ამბოლატორიული დახმარების პროგრამა. მოხსენებაში დაწვრილებით იყო მიმოხილული ამ სფეროში არსებული ვითარება.აღინიშნა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია და სრულად ვერ უზრუნველყოფს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. მითუმეტეს კოვიდპანდემიის პირობებში. არც მედპერსონალის ხელფასებია დამაკმაყოფილებელი, როგორც ენგურსგამოღმა მომუშავე მედიკოსებისათვის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავეთათვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომიტეტის სხდომებს სისტემატურად ესწრებიან აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები. ამასთან, პირადად რუდიკ ცატავა მინისტრთან ერთად უკავშირდება ონლაინ რეჟიმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ამბულატორიების მედპერსონალს, რათა ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებზე.  რუდიკ ცატავამ სათითაოდ დაასახელა საქვეყნოდ ცნობილი ექიმები,  რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში მოღვაწეობენ და კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე, უანგაროდ უწევენ დახმარებას აფხაზეთის მკვიდრთ სიცოცხლის შენარჩუნებაში;

სიტყვით გამოსულმა დეპუტატებმა  მაღალი შეფასება მისცეს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის საქმიანობას.  მოიწონეს ვრცელი, მაგრამ სიღრმისეული და დეტალური ანალიზით გაჯერებული მოხსენება; გამოითქვა რამდენიმე რეკომენდაცია და შენიშვნა, როგორც ამ კომიტეტის, ისე უმაღლესი საბჭოს სხვა კომიტეტების საქმიანობის მიმართ.

სხდომა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც მოიწონა კომიტეტის მიზანდასახხული და ნაყოფიერი საქმიანობა. დასასრულს, კოლეგებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიაში წარსადგენად წინადადებების მომზადება დაავალა, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპარლამენტო კომისიის სამუშაო გეგმაში. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დროებით საპარლამენტო კომისიაზე უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა განათლების, ადამიანის უფლებების დარღვევის, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამის“ პუნქტებში ჩადებული საფრთხეები და ენგურის ხიდთან დაწესებული კარანტინის გამარტივების  საშუალებები,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები