სომხეთის დროებითი პრემიერი კარენ კარაპეტიენი იქნება

სომხეთის მთავრობამ, პირველი ვიცე-პრემიერის კარენ კარაპეტიანის მეთაურობით რიგგარეშე სხდომა გამართა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სარგსიანი აღარ შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს. კანონის შესაბამისად, მისი უფლებამოვალეობების აღსრულების უფლება პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე კარენ კარაპეტიანს ექნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა გუშინ დატოვა.
„ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას. მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას”, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია, სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო მართავდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი მაშინ განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

მსგავსი თემები