“ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მელია ციხეში ზის, რადგან კანონი დაარღვია” – თეა წულუკიანი

  •  

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ  „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა, გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც. მკაფიო გზავნილები ქართული ოპოზიციისადმი იყო შემდეგი. ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე, აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ იყო ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს. ეუთო/ოდირისა და ყველა სხვა დამკვირვებლის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს ითქვა ამერიკული მხარის მიერ. თუ არ გვინდა, ვიყოთ ბრმები, დავინახოთ რეალობა, ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა  პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს.

„ასევე, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი. მათ უთხრეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან როგორც ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მინდა ქართულ ოპოზიციას, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომ გვევალება, რომ ვიზრუნეთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყო უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ნიკა მელიასსაქმეს, ამასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ნიკა მელია ციხეში კანონის დარღვევის გამო ზის.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, ზის ციხეში. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად, კარგად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, ვიმუშაოთ ერთად პარლამენტში და როგორც მინისტრს მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე ოპოზიციონერი პარლამენტარების მოსაზრებები, თუნდაც კრიტიკა მოვისმინო და შევძლო ვუპასუხო კითხვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები