„მეწყერი მოსულია დინამიკაში და დღეში 5 სმ-ით  მოძრაობს“ – კვლევის შედეგი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, ფერდობზე გაჩენილი მეწყერი დინამიკაშია მოსული და დღეში  5 სმ-ით მოძრაობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინსტიტუტის გუნდმა, რომელიც კვლევაშია ჩართული, სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება.

„სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში. ეს  საკმაოდ დიდი ციფრია. აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. როდესაც ჩვენ ბუნებრივ საფრთხეს ვზომავთ, ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. ანუ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. ყველა სცენარი გვინდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ მოსახლეობასთან და ქვეყანასთან. შესაბამისად, რიცხობრივად გამოსახული სიდიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 5 სანტიმეტრი დღეში. ეკოლოგებთან გვქონდა ინტენსიური კონსულტაცია, გაგვიწიეს გარკვეული კონსულტაციები, როგორ ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ნაპრალები რამდენიმე დღეა დაფიქსირდა. ნაპრალები ყოვალდღიურად მატულობს. თბილისის მერიამ საქმეში გერმანელი ექსპერტებიც ჩართო, რომლების უკვე თბლისში არიან და ადგილზე მუშაობენ. 

მსგავსი თემები