უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები