„ტექდათვალიერება მტკივნეული იქნება, პროცესს ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის“ – თბილისის მერი

სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას პირველი ივლისიდან, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან – კერძო ავტომობილები გაივლიან.
ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება, დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას, მის მფლობელს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთთვიან ვადას მისცემენ, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ხელმეორე ტესტირების შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს მას მოძრაობის უფლება შეუჩერდება. მოძრაობის უფლების გარეშე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ავტომობილი ღირებულებას დაკარგავს და ჯართად იქცევა.
საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული. საქართველოში ტექდათვალიერების ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტია.
როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ავტომობილების ტექდათვალიერება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა პროცესი მტკივნეული იქნება, რადგან ბევრი ავტომობილი, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას
“ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოყენოთ. უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის”, – ამბობს თბილისის მერი.
კალაძის თქმით, ამ პროცედურის გავლა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს, რადგანაც მოუწესრიგებელი ავტომობილების გამონაბოლქვი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან.
2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება. 2018 წლის იანვარ-მარტში ტესტირებაზე სულ 19,464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26% ანუ 5,050 ავტომობილი ტესტირების პირველ ჯერზე ჩაიჭრა. ამ ავტომობილებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. განმეორებით ტესტირებაზე კი 134 ავტომობილი ჩაიჭრა, შესაბამისად ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.

მსგავსი თემები