„იმედგაცრუებული დავრჩი… პრემიერ-მინისტრს მოლაპარაკების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება“ – ევროპარლამენტარი

„ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო“ – აცხადებს ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანესი „ამერიკის ხმასთან“  ინტერვიუში და იმედგაცრუებას გამოხატავს წარმართული პოლიტიკური პროცესების გამო.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერების ჩართულობით ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მარტო არ არის, რომ საქართველოს ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განიხილავენ.

„ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. ხუთშაბათის შემდეგ, იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი, ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები