“Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკები, Pfizer-სა და AstraZeneca​-ს ვაქცინებით იმუნიზაციის შემდგომ, თითქმის ერთნაირია. 

მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს.

 “სტატისტიკის მიხედვით, Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს ვაქცინა გავიკეთო, რადგან ამას არ აქვს ანაფილაქსია, ასე არ არის. სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს,”- აცხადებს პაატა იმნაძე. 

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებისა და მედიკოსების შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტების შეფასებით, იმის თქმის საფუძველი, რომ AstraZeneca​-ს ვაქცინა საფრთხის შემცველია და მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, არ არსებობს.

ამასთან, გვერდითი რეაქციების და გამოვლენილი გართულებების მიუხედავად ევროკავშირის მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნია. 30 დღიანი დაკვირვების შემდეგ, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. დოკუმენტში წერია, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიას არ უკავშირდება და სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება.

მსგავსი თემები