სახელმწიფო კანაფის წარმოებისთვის 150-ზე მეტ ლიცენზიას გასცემს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას კანაფის წარმოების ლიცენზიის ფასთან დაკავშირებით არ ადასტურებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის,  ფასი დადგენილი არ არის. შესაბამისად, 25 000 ლარი რეალური არ არის.

„სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება. კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული საქმიანობა“- აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით,  აღნიშნული საქმისთვის ათეულობით ლიცენზია გაიცემა, რაც მონიპოლიას გამორიცხავს.

„ლიცენზიების რაოდენობა იქნება არანაკლებ 150-სა, რაც გამორიცხავს ეკონომიკის მონოპოლიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანაფის წარმოებას, რომელსაც ახალი უწყება, „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გააკონტროლებს, სამედიცინო დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი. „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს. სამინისტროში სააგენტოს სტრუქტურაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – ვკითხულლობთ  სამინისტროს განცხდებაში.

 

მსგავსი თემები