“ეს არის ის გართულება, როდესაც მოულოდნელობა სწრაფად მძიმე რეალობად იქცევა” – დიმიტრი ხუნდაძე ვაქცინაციაზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და ახალციხეში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ პაციენტის მდგომრეობის გასაუმჯობესებლად მედიკოსები მაქსიმალურს აკეთებენ.

„ვაქცინაციის პროცესს თვალყურს ვადევნებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, პაციენტის სტატუსით. თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია იმ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამავე კლინიკაში ახალციხიდან მძიმე მდგომარეობაშია გადმოყვანილი. სრულ თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, კლინიკის მედპერსონალს კი, ბ-ნ ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, ვუსურვებ პაციენტის სასარგებლოდ გამარჯვებას.

მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ამისათვის ადამიანურ ზღვარს მიღმა მუშაობენ. ეს არის ის გართულება, როდესაც მოულოდნელობა სწრაფად მძიმე რეალობად იქცევა. ასეთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მოხმარების შემთხვევაში. თუმცა, კიდევ უფრო იშვიათია ლეტალური დასასრული.

სამწუხაროა, მაგრამ სტატისტიკის თავიდან აცილება შეუძლებელია. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ის უნდა გაგრძელდეს. შესაძლოა, მის გარეშე ქვეყანაში ეპიდვითარება, არა ერთეული შემთხვევებით, არამედ მასიურად დამძიმდეს. როდესაც არჩევანი მსოფლიოს წინაშე მხოლოდ ერთია, ჩვენც ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მეტი სიფრთხილით და ნაკლები ზიანით. ამავე დროს, არამედიკოსებს ვთხოვდი, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური შეფასებებისგან, რამეთუ ეს პროცესს კიდევ უფრო დააზიანებს და ზიანი შესაძლოა თვითონ მათაც მიადგეთ“ – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბiლურია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.  

მსგავსი თემები