„ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით“ – მინისტრის მოადგილე

მსოფლიოში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ათეულობით გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა. 5 მილიონი შემთხვევიდან ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია მხოლოდ 41- ვაქცინირებულს განუვითარდა. ახალციხეში მომხდარი შოკის გამო, შესაძლოა, „ასტრზენეკას“ ვაქცინა დროებით საქართველომაც შეაჩეროს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფი მიიღებს.

„როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია და ამ შემთხვევაში, მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგან მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს,  ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მისივე ინფორმაციით, ჯერ არ შეიძლება დასკვნის გაკეთება, ახალციხეში მომხდარი შემთხვევა არის თუ არა ანაფილაქსიური შოკი.  

„5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. ამ შემთხვევაში, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რასთან გვაქვს საქმე, ანაფილაქსიაა ეს თუ სხვა გვერდითი რეაქცია, ამას შეისწავლიან ექსპერტები“ – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ შოკში ჩავარდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა.   

მსგავსი თემები