„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

ვაქცინაციის შემდეგ, ახალციხეში ექთნის კომაში ჩავარდნის გამო, შესაძლოა, დღის წესრიგში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე წუთში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  გადაწყვეტილებას 19:00 საათზე მიიღებენ.

„19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა. არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და რეანიმაციაში მოხვდა. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ადგილზე კატასტროფის ბრიგადა ჩავიდა, რომელსაც პაციენტი თბილისში გადმოჰყავს.

მსგავსი თემები