მედპერსონალს, ვაქცინაციის შემდეგ, ანაფილაქციური რეაქცია განუვითარდა, კატასტროფის ბრიგადას ის თბილისში გადმოჰყავს  

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალბატონი რეანიმაციაში მოხვდა, მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ადგილზე კატასტროფის ბრიგადა ჩავიდა, რომელსაც პაციენტი თბილისში გადმოჰყავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგი გამართა და დეტალებზე ისაუბრა.

„ანაფილაქციური რეაქცია შედარებით იშვიათია, თანაც შოკის სახით. დღეს, ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს, აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც სისტემატურად იტარებდა აცრებს და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა  მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია.  ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის რეაქცია.

როგორც გვეუბნებიან, უფრო ჰგავდა ანაფილაქციურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, თუმცა არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ხდება ავადმყოფის ევაკუაცია თბილისში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.   

მისი თქმით, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მსგავსი თემები