ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით, არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება

მოსახლეობის იმ ნაწილის თხოვნა, რომელიც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, დაკმაყოფილებული არ არის. ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არ იხსნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა,არსებული რეგულაციის მოხსნა საფრთხის შემცველია. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, არსებობს ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი. განსაკუთრებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია. შესაბამისად, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, – იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ შეზღუდვების შემსუბუქებული რეჟიმი უნდა ვატაროთ პირბადე. სწორედ პირბადის ტარება და მარტივი რეკომენდაციების დაცვაა დღემდე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო საშუალება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები