მეწყერი თბილისში – რა ვითარებაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ვაშლიჯვრის ფერდზე” მეწყერი განვითარდა. ამ მიზეზით მესამე დღეა მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც ვაშლიჯვარსა და ნუცუბიძეს ერთმანეთთან აკავშირებს მოძრაობა შეიზღუდა.

მოქალაქე ნიკა ვარძელაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მეწყრული ზონა რამდენიმე ათეულ მეტრზეა გადაჭიმული.

დღეს დილიდან ავრცელებს ვიდეომასალას ლაშა სუხიაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანისა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეოა გადაღებული მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდეა, სიღრმე კი მინიმუმ ორ მეტრამდე.

თბილისში განვითარებულ მეწყერზე ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 17 მარტს მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

“გასულ წლებში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების გამო დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ, მეწყრულ არეალში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყერი… დამეწყრილი უბნის შესწავლისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგადაც მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება”, – ამბობდა მერი.

მსგავსი თემები